пятница, 7 декабря 2012 г.
თანამედროვე კინო
დღეს თითქოსდა გარკვეული გამოცოცხლება შეიმჩნევა ქართულ კინოპროცესში. სასიამოვნოა, რომ ახალი ფილმების ავტორები ძირითადად ახალგაზრდები არიან და ეს ძალიან კარგია. ცხადია, მე ამჯერად ხარსხზე არ ვსაუბრობ, პროცესის დაძვრა მაქვს მხედველობაში.
ის, რომ დღევანდელი კინო უნდა განსხვავდებოდეს ძველი კინოსაგან, ცხადია. კარგად ნაცნობი ე.წ. ,,ქართული კინო“ იყო და მოკვდა. საჭიროა ახალი ადამიანები, რათა მათ გადაიღონ ახალი კინო.
კინო ხელოვნებაა, რომელიც სხვა კულტურებთან ურთიერთობას მოითხოვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ კულტურასთან და, შესაბამისად, ევროპის კინოსკოლებთან ურთიერთობა, აუცილებელია ამ სკოლების ცნობილ პედაგოგთა ჩამოსვლა ჩვენთან. შეიძლება, ერთადაც დაიგეგმოს კინოგადაღებები. თუ დაახლოებით ასე წარიმართება სასწავლო პროცესი, მერე შეიძლება ახალი კინო რომ გვქონდეს.
მეორე – უნდა გადაიღონ ფილმები დიდი ფულადი დანახარჯების გარეშე. მე მიმაჩნია, რომ უნდა გავცდეთ თბილისის საზღვრებს. აუცილებელია სხვა რეგიონებში გასვლა. საჭიროა დაარსდეს პატარ-პატარა სტუდიები თელავში, ზუგდიდში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს უნდა იყოს დოკუმენტური ფილმების სტუდიები, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ამ სპეციალობის დაუფლება. საქართველოში, გამონაკლისების გარდა (კალატოზოვი, იოსელიანი, მიქელაძე, ჭუბაბრია...) არ არსებობდა ნამდვილი დოკუმენტური კინო. დოკუმენტური კინო, როგორც საავტორო კინო, არაფრით ჩამოუარდება მხატვრულს ... და მე ვთვლი, რომ სწორედ დოკუმენტური კინოდან შეიძლება დაიბადოს ახალი თვითმყოფადი ქართული მხატვრული კინო.
საბედნიეროდ, საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ მათი მოძებნაა საჭირო. როგორც წესი, რაიონებიდან უფრო ნიჭიერი ადამიანები მოდიან. პროვინციული ენერგიაც, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ძლიან მომგებიანია შემოქმედებაში.
ნიჭიერი ადამიანები, სამწუხაროდ, სულ სხვა სფეროებში მიდიან სამუშაოდ. ახლა ბევრი შემთხვევითი ადამიანი სწავლობს კინორეჟისურის სპეციალობაზე, თბილისში სარეჟისოროზე სწავლის უამრავი მსურველია, არადა 10-15 რეჟისორი საქართველოსათვის სრულიად საკმარისია. 100-200-300 რეჟისორი არავის სჭირდება, მსოფლიოს არ ჰყავს იმდენი რეჟისორი, რამდენიც საქართველოს, მაგრამ ეს ადამიანები ვერასდროს შეძლებენ ფილმის გადაღებას.
საჭიროა სტუდენტების მისაღები რაოდენობის შეზღუდვა (სარეჟისორო სპეციალობა მაქვს მხედველობაში), მაგრამ, სახელმწიფო კინოსტუდიის ბაზაზე აუცილებლად უნდა მოხდეს მეორადი სპეციალისტების მომზადება.
ასევე, რეჟისორმა უნდა იცოდეს მსახიობთან ურთიერთობა, ძალიან ხშირად კინომსახიობი თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, ეს კატასტროფა იქნება, რეჟისორმა ყოველთვის უნდა იცოდეს ზღვარი, სად გააჩეროს მსახიობი...
სასწავლო პროცესი უნდა იყოს ერთობლივი. მაგალითად, სცენარისტებმა, რეჟისორებმა და ოპერატორებმა ერთად უნდა იმუშაონ, პირველი ნაბიჯები აუცილებლად ერთად უნდა გადადგან და ეს კონტაქტი განაპირობებს მათ შემდგომ წარმატებას.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყნებს არა აქვთ "კინო".
ცუდი იყო თუ კარგი, ჩვენ გვქონდა საბჭოთა კინო; ქართული კინო საბჭოთა კინოს ნაწილი იყო. ქართული კინო ცენტრიდან ფინანსდებოდა, მაშინ ფულზე არავინ ფიქრობდა. თუმცა, ფულის გარეშე ფილმის გადაღება შეუძლებელია. დღეს იმაზე ოცნება, რომ ქართული კინო იმავე მასშტაბებით ავაღორძინოთ, სისულელეა. თუ საქართველოში სამი-ოთხი კარგი რეჟისორი გვეყოლება, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი. საჭიროა მოცდა და კარგი კადრების მომზადება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია, კინოკრიტიკას მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელიოა რეჟისორებისა და კრიტიკოსების კონტაქტი. რატომღაც საქართველოში ასე არაა, თქვენ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ ქართული კინოს განვითარებაზე და ეს უნდა გამოიყენოთ, თქვენი აქტიურობაა საჭირო. თქვენი ენთუზიაზმი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. წარმატებებს გისურვებთ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий