четверг, 6 декабря 2012 г.

ძმები ლუმიერები

ძმები ლუმიერების წამოწყების წარმატებას, ბუნებრივია, მხოლოდ მათ იღბლიანობასა და კომერციულ გამჭრიახობას ვერ მივაწერთ. ლუმიერების უმცროსმა ძმამ, ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ლუმიერების აპარატს სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. იწყება კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.
კინემატოგრაფის მამამთავრის ლუი ლუმიერის აზრით, კინოაპარატი მხოლოდ ცხოვრების რეგისტრაციისათვის იყო შექმნილი.
კინემატოგრაფი იმ პერიოდისთვის მხოლოდ ატრაქციონი, მასობრივი სანახაობა იყო. მას ხანგრძლივი და რთული გზა ედო წინ, სანამ ხელოვნების სხვა დარგთა შორის სრულფასოვან ადგილს დაიმკვიდრებდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий